ბარისახოდან ხახმატამდე
გუშინ ხევსურეთში ვიყავი, პირაქეთა ხევსურეთში…
ერთი დღე ძველი თბილისის დათვალიერებას არ ეყოფა საგულდაგულოდ, არამცთუ ხევსურეთს. ასე რომ ხევსურეთი მოვიარე-მეთქი რომ მეთქვა, მატყუარა გამოვიდოდი; მითუმეტეს, რომ პირიქითა ხევსურეთში ფეხიც არ გადამიდგამს. მაგრამ ის ხომ შემიძლია ვთქვა, რომ ხევსურეთში ვიყავი-მეთქი.
ვიყავი ბარისახოში, კორშაში, გუდანში და ხახმატში. ამ გეოგრაფიული პუნქტების ჩამოთვლა ადვილია, მაგრამ შთაბეჭდილებების ზღვას ნამდვილად ვერ ჩამოთვლი.
საერთოდ თბილისელებისთვის მთა რომ სხვა სამყაროა, ეს აქსიომა ჩემს დაბადებამდე კარგა ხნით ადრე აღმოაჩინეს. მაგრამ შემოდგომის მთა წვიმა-ნისლნარევი ეს უკვე სხვა სამყარო კი არა, საერთოდ სხვა განზომილებაა; რომელიც სადღაც ჟინვალის წყალსაცავიდან იწყება.
ფშავის და ხევსურეთის საზღვარი ფშავის და ხევსურეთის არაგვის შესართავზე გადის. აქედან სამხრეთით და აღმოსავლეთით ფშავია, ჩრდილოეთით ხევსურეთი, დასავლეთით კი გუდამაყარი. ,,სასაზღვრო ზოლზე” მოსხლეტილ კლდეზე არწივიც მცირე ქანდაკია გამოკვეთილი. აქედან დაკლაკნილი გზა ბარისახოსკენ მიემართება. რაც შეეხება ბარისახოს, რთულია განსაზღვრა, თუ რას წარმოადგენს იგი. დაბად კი ითვლება, მაგრამ მაინც საშუალო ზომის სოფელია. თუმცა ხევსურეთის პირობაზე ნამდვილად ქალაქია. აკი ამიტომაც ითვლება ბარისახო ხევსურეთის ცენტრად. არაგვს გაღმა, აღმოსავლეთ სანაპიროზე, საკმაოდ ციცაბო კლის თავზე ძველი ფეოდალური ციხე-სიმაგრის, ადგილის დედის, ანუ იგივე შურის ციხის ნანგრევებია შემორჩენილი. მათ ადგილზე აღმ. ქართული მთის ტრადიციებით ქვის ზვინულებია. ერთ ერთ ზვინულზე საქართველოს დროშა ფრიალებს და გადასცქერის ასე ზემოდან ბარისახოს და ხევსურეთის არაგვის ხეობას. არაჩვეულებრივი არომატი ტრიალებს. არ ვიცი ქონდარის, არ ვიცი ომბალოსი. სასწაული არომატია. ისღა დაგრჩენია, ამოიტანო ლობიო და ხარშო და ხარშო…
ჩრდილოეთით მოჩანს სოფელი კორშა. ვეშვებით ქვემოთ და მივემართებით მისკენ. იქ გველოდებიან. გველოდება ხევსურეთის ეთნოგრაფიული მუზეუმის დირექტორი და მისი ოჯახი. ჩვენ გზა უფრო ზევით-ჩრდილოეთისკენ გვიდევს. უკან მობრუნებულებმა კი მუზეუმი უნდა დავათვალიეროთ და ხევსურული ხინკალი დავაგემოვნოთ. ცოტა წასაუბრება და ჩვენი მიკროავტობუსი კვლავ ჩრდილოეთისკენ მიიწევს. მთები უფრო და უფრო მაღლა მიიწევს. მაღლა მიიწევს ნისლიც. წითელ-ყვითელ შემოდგომის ხანძრის ჩაქრობას მთათა ფერდობებზე ბოლქვა-ბოლქვა მოდებული ნისლი ტყუილად ცდილობს, შემოდგომა თბილი ტონების მთელი გამით გიზგიზებს მთაში. ხანძარი უფრო და უფრო ძლიერდება როშკისწყლის შესართავიდან ხევსურეთის არაგვთან.
იქ სადაც როშკისწყალი არაგვს შეერთვის, გვხვდებიან პოლიციელები სამი-ოთხი ტოიოტას პიკაპით. პოლიციელები კი არიან, მაგრამ სამხედრო ფორმა აცვიათ. ჩვენსავით ისინიც სურათებს უღებენ შესართავს. მაგრამ შესართავი ნამდვილად გახუნებული სიტყვაა ამ ადგილის აღწერისათვის. უზარმაზარ ლოდებს შორის ჩაკეტილი ორი ფაფარაყრილი ჩანჩქერი ველური ხავილით ეჯახება ერთმანეთს და ღრიალით მიიკვლევს გზას სამხრეთისაკენ. ამ ლოდებზე კი ფიჭვები და წიფლები ამოზრდილან. არა, კი არ ამოზრდილან, ფაქტიურად ჰაერში გამოკიდებულან. შემოდგომის ქათიბი აქაც წითელ-ყვითლად ელვარებს. განსაკუთრებით ულამაზესია ძახველის მეწამული კუნწულები, ზემოდან რომ დაჰყურებენ ვერცხლისფრად მბზინავ მორევს.
და ამ ამაღლებული განწყობისას უცბად და ერთი პოლიციელი ჰაიდა, ფანტას ცარიელ პლასტმასის ბოთლს გადაუძახებს შესართავში. პირკატა მეცაო, ამაზეა ნათქვამი. რას იზამ, ყველაფერს თავისი წილი სამსალა მოჰყვება. დარწმუნებული ვარ, ეს პოლიციელი დაუფიქრებლად სვამს სუფრაზე საქართველოს სადღეგრძელოს…
გზა უფრო და უფრო მაღლა იწევს, ისევე როგორც მთაზე ნისლი. ვუახლოვდებით გუდანს. აქ სივრცე იხსნება-შორს, ნისლის მიღმა არ მოჩანს, მაგრამ ვიცით რომ დათვიჯვრის უღელტეხილია, რომელიც პირაქეთა ხევსურეთს პირიქითასთან აკავშირებს. გზაზე შემხვედრი მიმართულებით განუწყვეტლივ ნაკადად გვხვდებიან ჯიპები და მიკროავტობუსები, რომლებიც შატილობიდან ბრუნდებიან თბილისში. ძირს ხევსურეთის არაგვი მიიკვლევს გზას ვერცხლისფერ ძაფად. ჩრდილოეთით მაღლა კი გუდანი მოჩანს, სოფელი სახელგანთქმული სალოცავით. ერთი სახლი ნამეტანი ზემოთ ასულა. ალბათ მისი აივნიდან ინგუშეთიც კი მოჩანს. გუდანიდან რამოდენიმე კილომეტრი, რამოდენიმე ბრუნი და ექსპედიციის მიზანს-სოფელ ხახმატსაც ვაღწევთ. შემოდგომის წვიმა-ცვარში გადმოვდივართ მიკროავტობუსიდან. ჰაერს არაჩვეულებრივი არომატი აქვს. ამ სოფელში ძალიან საინტერესო ეთნოგრაფიულ-არქიტექტურული ელემენტებია შემორჩენილი-უძველესი ხევსურული ბანიანი სახლები. მართალია, ახლა იმ სახლებში თითქმის არავინ ცხოვრობს და ბევრს ბანიც აქვს ჩამონგრეული და ჟამთა სიავისგან შიგნიდანაც გაპარტახებულია, მაგრამ მაინც ულამაზესი სანახაობაა. აღმოსავლეთით რაღაც წამებში აიწევა ნისლი და მთებს კალთებს შორის ჩაკეტილი დათვიჯვრის უღელტეხილი იხსნება, რომლის გადაღმაც არღუნის ხეობა და არღუნის ხეობის ბოლოს შატილია. მიღმა კი ჩეჩნეთია უკვე. აუჰ, ნეტავ შატილისკენაც გვედოს გზა, მაგრამ რიგ და რიგ გარემოებათა გამო უნდა მოვბრუნდეთ უკან-თბილისკენ.
ამჯერად უკვე გაუჩერებლივ ვეშვებით კორშასკენ. აქ ხევსურეთის ეთნოგრაფიული მუზეუმი გველოდება. ამ მუზეუმში დირექტორიც, ექსკურსიამძღოლის, ბუღალტერიც, დამლაგებელი და მცველიც ერთი კაცია, ბატონი შოთა არაბული. კულტურის სამინისტრო ყოველთვიურად 200 ლარის ხელფას უხდის-ზის ვაჟა ფშაველას სახლ-მუზეუმის ბალანსზე და მის ფილიალად ითვლება. ექსპონატები შთამბეჭდავია. ძველი ხევსურული კოსტუმები, ტალავერები და ქუდები, ხელთათმანები და წინდები, სასოფლო-სამეურნეო და საოჯახო ნივთები-ურმის კავები, მარხილები, თუნგები, აზარფეშები და დოქები. ნაირ-ნაირი კავები, თხილამურები, წრიაპები , ქალამნები. აგრეთვე სამხედრო აღჭურვილობა-ჯაჭვის პერანგი, ხევურული ფრანგული, ჩაჩქანები, მუზარადები, ფარები. ბევრია ნაირ-ნაირი ოსტატურად მოკაზმული და მორთული საოჯახო ხელსაქმის ყუთები, აკვნები და სხვაც ბევრია ჩამოსათვლელი-საშიშროება დიდია, რომ რომელიმე არ გამოგრჩეს. საკმაოდ უცნაური ექსპონატებიც გვხვდება-მეფის რუსეთის და საბჭოთა კავშირის კუპიურები, რომლებთაც გვერდს დამოუკიდებლობის პირველი წლებისდროინდელი კუპონები და მასთან ერთად ერთდოლარიანი უმშვენებენ. ამათ რა ესაქმებათ ხევსურულ მუზეუმში ვერ ვხვდები, მაგრამ რა გაეწყობა-დაე იყვნენ.
მუზეუმის თვალიერებას ვრჩებით და იწყება ხევრული ლხინი. ვაჟა ამას ხევსურულ ღრეობას უწოდებდა, მაგრამ ეტიკეტებით ეგზომ დახუნძლულ გარემოში ასერიგად უტიფარ კადნიერებას ვერ გამოვიჩენდით-ჩვენ უბრალოდ ვილხენთ:-ხევსურული ხინკალი, კახური არაყი, ხევსურული ქადები და ხევსურული კუსერბო. გაუთვითცნობიერებლებმა ეს უკანასკნელი რატომღაც გარკვეულ რეპტილიასთან გააიგივეს-თუმცა შეცდნენ. ეს ხევსურული კერძია-ხაჭო, ყველი და ერბო ერთად შემთბარ-შეზავებულ-მოდუღებული. ჰაერიც ხევსურულია.
და დაღამდა. გადის დრო. ვემშვიდობებით მასპინძლებს და პირს სამხრეთისკენ, ბარისკენ ვიბრუნებთ. შემოდგომის ხანძარს კი მთის წყვდიადი ფარავს. თუმცა დროებით. ხვალ ხანძარი კიდევ და უფრო მეტი ძალით აგიზგიზდება-თუმცა ჩვენ იქ აღარ ვიქნებით.
დანარჩენს სურათებს კი ოქტომბერში ავტვირთავ ფლიქრზე. ოქტომბერში იმიტომ, რომ სექტემბრის ლიმიტი უკვე შევსებული მაქვს. ფლიქრის ლინკი იხილეთ მთავარ გვერდზე….










კაია…
ვითომ მეც ვიმოგზაურე