საქართველო
ისევ და ისევ პოეზია… ამონარიდი კვლავ შალვა საბაშვილის შემოქმედებიდან:
ლურჯი მწკრივი მთებისა
სუნთქავს წალკოტების ქარს,
იწყებიან სიზმრები
ელვათა ტოტებიდან;
ფერწარმტაცი ქარები
მზე–სხივშეუდარები,
კვლავაც ჰკრთის ისტორიის
ჯერაც ღრმა იარები;
ცა–ლაჟვარდში მხმობელი
ყვავილი–უჭკნობელი
ხალხი, სივრცე, მუსიკა–
ჰარმონიის მშობელი;
ისმის: ხმალ–შუბთ ჟღერანი
ჩანს: სიბრძნეთა კერანი,
აღმართულა მახვილი
შორეთს მიჰქრის მერანი;
საუკუნემ არწია
რაც მარადი განძია:
ჯვარი, გრემი, იყალთო,
უფლისციხე, ვარძია;
შორს მრეკავი ზარებით
მთით მომსკდარი ღვარები,
გრძნეულება სიღრმეთა
უთქმელ–მიუკარები;
ხოლო სივრცე–მზიური
სხივები–მშობლიური
აღმაფრენა–უსაზღვრო
შთაგონება ციური;
ხსოვნის შორი ფესვები
სახელნი უტკბესები,
ყალყზე შემდგარ ფლოქვთა ხმა
ირგვლივ ცეცხლ–დამკვესები;
ეშხი ავთანდილისა
ჯადო სულსშეზრდილისა,
ძველი მცხეთის სიზმრების
და თბილისის დილისა;
მეგობრობის განდობა
დაცემულის დანდობა,
აზრის ღმერთთან კამათი
გრძნობის დარდიმანდობა;
ქროლვა დროთა ქარისა
რუსთაველის პწკარისგან,
სიბრძნე პეტრე იბერის
ფუნჯი ოპიზარისა;
ზეცა რომ გაახილა
ვარსკვლავთ თეთრი ზოლივით,
სამშობლოა–ძახილად
დროში გადმოსროლილი.


