ჩვენ, საქართველოს დამისა

ქართულად ყველამ ვიცით. იგივეა სვანურადაც, მეგრულად-საქორთუო, ლაზურად-ოქორთუე, აფხაზურად-Қыртҭәыла.

და მაინც რა არის საქართველო?

საქართველო იქნებ სასკოლო სახელმძძღვანელოების გახუნებული ფურცლებია? გაცრეცილი და დაჩხაპნილი ქართულის, ისტორიის და გეოგრაფიის წიგნები? ან ღამ-ღამობით საბანში ფანრის შუქზე თავწარგული ,,უქარქაშო ხმლები”-ს კითხვა?

შეიძლება საქართველო მესხური მრავალჟამიერია, ვარძიის კლდეებს რომ შეჰზარავს ნაწვიმარზე განთიადისას და მეფეთა ფრესკები შეტორტმანდებიან ცრემლმორეულნი?

იქნებ საქართველო მზის სხივებია ტყეში? სავალ გზას რომ გაგინათებს შიშისმომგვრელი უღრანიდან? თუ საქართველო ალპური ქარია, სტვნით რომ წამოაგდებს შურთს შენ ფეხებთან და შიშით გული გაგისკდება და მერე იდიოტურად გაბრაზდები და გაგეცინება საკუთარ თავზე?

იქნებ საქართველო ალაზნის პირას, თეთრ კელაპტრად აფეთქებული ალავერდიდან ამოხეთქებული ,,გაფრინდი შავო მერცხალო”-ა, ნეკრესის შემოდგომანრევი ტყეებისკენ რომ გაგიძღვება ნაწვიმარს? ან იქნებ ჭოროხიდან ხელვაჩაურისკენ ფთილა-ფთილა აკინძული ღრუბლებია?

იქნებ საქართველო არყის ზროა, დამჭკნარი ზრო, სოკოების ჯარშეფენილი ხარაგაულის ტყეებში? ან იქნებ ცალგმილი და ლაჰილია. სპეტაკი გიგანტები, ოქროს საწმის რომ იცავენ უშგულთან?

იქნებ საქართველო ფსოუა, დღენიადაგ ტკივილს და ვაებას რომ დაჰქვითინებს დანისლული კავკასიონიდან? იქნებ საქართველო ნიშაა თუ წაქარა, ვაჟაის ხარი, მიწას რომ ჩაჰბუბუნებს 9 აპრილს წაშლილი სახით?

იქნებ საქართველო რუსთავის მიწაა? ბოსტან-ქალაქის. სადაც ცურტაველი დააბიჯებდა?

იქნებ საქართველო სნოდან დანახული მყინვარწვერია? ჯუთადან ატყორცნილი და გამოქანდაკებული სივრცე? დარიალისკენ გადასროლილი მრუდე რკალებად?

იქნებ საქართველო გამხმარი, ყავისფერი ფოთოლია, მხიარულად რომ ღაღანებს ჰერეთში, კახის ეკლესიის ეზოში?

იქნებ საქართველო ქვაა, ტრაპიზონთან ტალღები რომ ეხეთქება და ჯიუტად გასტორცნის ნაპირისაკენ?

იქნებ საქართველო…

მაგრამ საქართველო ნამდვილად არაა ის, რაც მოჩანს დღეს ჩვენი ფანჯრებიდან დღეს და ახლა…

შევცვალოთ საქართველო…

~ by Audhara on 17/09/2009.

3 Responses to “ჩვენ, საქართველოს დამისა”

  1. ასეა, ასე…
    მაგრამ საქართველო ნამდვილად არაა ის, რაც მოჩანს დღეს ჩვენი ფანჯრებიდან დღეს და ახლა…
    და როგორ შევცვალოთ?…

  2. პასუხი ალბათ იმაზე მარტივი იქნება, ვიდრე შეიძლება არსებობდეს მოლოდინი: განათლება…

  3. და იქნებ საქართველო ტაოა ბებერი ანაც კლარჯეთი, იქნებ ხანძთის ჩამოქცეული გუმბათია ანაც ვრცელ მინდორზე მარტო მდგარი ბანა? იქნებ ხახულია? ჩვენი სალოცავი რომელშიც ეხლა სხვები ლოცულობენ? იქნებ მერეს ციხის მილეწილი გვერდებია ანაც ქართველებისთვის დაკეტილი და სხისთვის ღია, ქართული პარხალი? ან იქნებ ოთხთაა და მასავით საძირკველში მიშვებული მდინარე? ან სულაც იშხანია იქნებ უდაბურ გორაკებში თვალწარმტაცი წალკოტი? ან იქნებ………………?

    მაგრამ საქართველო საქართველოა, უფრო სწორად საქართველო ჯერ ხალხია და მერე მიწა, ისე როგორც ფერეიდანის მიწაზე. ,,თუ ხალხმა გამარჯვება არ მოინდომა მაკედონელიც ვერ გაამარჯვებინებს მას”…………

    მოვინდომოთ!!!!!!!!!!!!

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Connecting to %s

 
Follow

Get every new post delivered to your Inbox.