მე დავბრუნდი

•14/10/2011 • Leave a Comment

,,სამი მუშკეტერის” გაგრძელებას რა ერქვა? ,,ოცი წლის შემდეგ.” (ისე სხვათაშორის, ამასაც ჰქონდა თავის გაგრძელება ,,ათი წლის შემდეგ” სახით). ამხელა ვადით ვერ დავიტრაბახებ. სულ რაღაც ორი წლით მოვწყდი ბლოგოსფეროს. თან ისიც მეყოფა თავის გასამრთლებლად, რომ ამ ერთი წლის მანძილზე მაინცადამაინც სასწაული არაფერი არ მომხდარა არც საგარეო და არც საშინაო ორბიტებზე, განსხვავებით იგივე დიუმას სათავგადასავლო სიუჟეტებისგან.

უბრალოდ მომენატრა აქაურობა. თან ადამიანის თვისება ასეთი ყოფილა, თავის შექმნილს ვერ შეელევა. მითუმეტეს, ცოტა დრო და ენერგიაც თუ დაუხარჯავს.  ჰოდა დავბრუნდი. ოღონდ ,,უძღები შვილის” და მსგავსი მელოდრამატული ალეგორიების გარეშე.

ესეც ცოტა მოთელვა. რაღაც-რაღაცეები კი მაქვს დასაწერი, მაგრამ მოგვიანებით.

Bella ciao, Iran

•05/11/2009 • Leave a Comment

ირანელი ბლოგერები ირანში მღელვარების ახალი ტალღის შესახებ  იტყობინებიან.

კერძოდ გუშინ, 4 ნოემბერს, ირანის უმაღლეს ლიდერს-აიათოლა ალი ჰამენეის შეხვედრა ჰქონდა თეირანის პრესტიჟული შარიფის უნივერსიტეტის სტუდენტებთან. ამ შეხვედრაზე აიათოლას კრიტიკის ქარცეცხლი დაატეხა პირველკურსელმა მათემატიკოსმა მაჰმუდ ვაჰიდნიამ, რომელიც ამავე დროს ირანის ოლიმპიური ჩემპიონია. კრიტიკა იმდენად მწვავე იყო, რომ აიათოლა იძულებული გახდა აუდიტორია დაეტოვებინა. შემდეგ სტუდენტი რამდენიმე დღით გაუჩინარდა, თუმცა მოგვიანებით გამოჩნდა და განაცხადა, რომ ყველაფერი კარგადაა.

პარალელურად, პოპულარულ ინტერნეტ-რესურსზე-იუთუბზე ვრცელდება კადრები, რომლებიც ასახავს შეტაკებებს პოლიციას და დემონსტრანტებს შორის ქვეყნის დედაქალაქში-თეირანში. დემონსტრანტები (ძირითადად სტუდენტები და მოსწავლე-ახალგაზრდობა) 12 ივნისის საპრეზიდენტო არჩევნების შედეგების გაუქმებას და ქვეყანაში თეოკრატიული წყობის დამხობას მოითხოვენ.

იხ. ბმულები:

http://latimesblogs.latimes.com/babylonbeyond/2009/10/iran-concern-over-fate-of-star-student-who-stood-up-to-khamenei.html

ლიხს იქით და ლიხს აქეთ

•19/10/2009 • Leave a Comment

ოქტომბერიც მიიწურება მალე და დრო დადგა, განვაახლო ჩემი ბლოგი. მით უფრო რომ რეალურად არსებობს მასალების n რაოდენობა ზღვა შთაბეჭდილებების სახით.

დღეს დილით ბათუმი-თბილისის  ექსპრესის მეოთხე, მაგრამ ამისდა მიუხედავად, კომფორტული კლასით გაზუნთლული, გაძუნგლილი და აყროლებულ-აქოთებული დილის შვიდ საათზე დავბრუნდი თბილისში. ხოლო ბილეთი კი ოლიმპიური ნებისყოფის შედეგად აღმოჩნდა ჩემს ხელში მარელისის რკინიგზის სადგურის ნამძინარევი მოლარის საუკუნის წინანდელი პენტიუმის პრინტერიდან.

აქამდე კი ორი დღით ადრე ჩვენი ფორდი მიადგა დაბა ლიკანს. სადაც ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკის დირექციაში 30 ლარის ოდენობის ხარკის გადახდის, ტურისტული რუკების გადმოცემის საზეიმო ცერემონიალის და საქართველოს პრეზიდენტის ლიკანის რეზიდენციის დაცვასთან ხანმოკლე ჯაჯღანის შემდეგ როგორც იქნა ჩვენმა თერთმეტკაციანმა ჯგუფმა, წარმოდგენილი თსუ-ს 9 ბაკალავრ-მაგისტრანტ გეოგრაფებით (მათ შორის თქვენი მონა-მორჩილით), ერთი მეტად მომხიბვლელი არქეოლოგით და ამას პლუს ჩვენი მეთაურით-თსუ-ს პროფესორ-გეოგრაფის ხელმძღვანელობით ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკის ლიკანის შესასვლელისკენ ავიღეთ გეზი. გავიარეთ დაბა ლიკანის ცენტრალური ქუჩა, რომელიც რატომღაც ბებიაჩემის გვარს-რაზმაძეს ატარებს და მივადექით ეროვნული პარკის შესასვლელს, საიდანაც იწყებოდა ჩვენი სამდღიანი მარშრუტი-ლიკანი-ლომის მთა-მარელისი, ტურისტული ბილიკი #1, ე .წ. ნიკოლოზ რომანოვის ბილიკი.

შესასვლელიდანვე შთაბეჭდილებებმა მოლოდნის გადააჭარბა. ერთია, როდესაც გსმენია, რაოდენ დიდებულია ნაძვნარ-სოჭნარის დაბურული და უღრანი ტყეები და მეორეა, როცა შენი თვალით ხედავ ამას. რამდენიმე კილომეტრი გზა მდ. ლიკანისხევს მიუყვება მუქწიწვიანების უღრან კალთებქვეშ. აღსანიშნავია, რომ უკვე ორი ასწლეული ამ ტყეებს ადამიანის მსახვრალი ხელი არ შეხებიათ და მართლაც რომ დიდებულად გამოიყურებიან.

მალევე დაიწყო სერპანტინებიც. გზა უფრო და უფრო გაძნელდა და ტემპმაც იკლო. ხშირად მიწევდა ჩამოჯდომა ამოსასუნთქად. რა დასამალია და ფორმაში ნამდვილად არ ვარ. გეოგრაფი უკეთეს ლაპორატორიას ვერც კი ინატრებს. აქ სრული სახით და სისრულითაა წარმოდგენილი სიმაღლითი სარტყლურობა-მეტად ბანალური რამ გეოგრაფებისთვის. უბრალო მოკვდავებისთვის ეს ფრაზა შემდეგნაირად შეიძლება იქნეს ახსნილი: სიმაღლის ცვალებადობასთან ერთად მცენარეული ფორმაციების, ნიადაგური საფარის და კლიმატის კომპონენტების ცვალებადობა.

სიმაღლის მატებასთან ერთად უფრო და უფრო იზრდება პანორამული სივრცეები. იმისდა გათვალისწინებით, რომ მათი აღწერის ბუნებრივი ნიჭი ჩემთვის წმ. სამების არცერთ ჰიპოსტასს არ მოუმადლებია, უმჯობესია გავჩუმდე და ეს საქმე ფოტოებს მივანდო. (იხ. ბმული http://www.flickr.com/photos/32801523@N02/). რა თქმა უნდა, არც ფოტოები გადმოსცემენ ჭეშმარიტ აღქმას რეალობისა, მაგრამ მეტ-ნაკლებად უფრო ეს უფრო მოსახერხებელია, ვიდრე ჩემი უბადრუკი ნაჯღაბნი.

ამასობაღი დაგვაღამდა. ენერგიის უკანასკნელი ნამცეცები და კარვები იშლება. მთაში და ისიც, ლაშქრობისას საკმაოდ სწრაფად გადის დრო. იშლება კარვები და კოცონთან ხანმოკლე საუბრების შემდეგ ზღვის დონიდან 1400 მეტრზე სიმშვიდე ისადგურებს. სადღაც შორს, დაბლა ლიკანისხევის ყრუ ჩუხჩუხი და კუტკალიების მეტად ორიგინალური ჭრიჭინი მხოლოდ აძლიერებენ სიმშვიდის შეგრძნებას, თავზე კი ვარსვლავებით მოჭედილი ისეთი ცა გვახურავს, რომლის ანალოგს ვერასდროს ვერ ეღირსება თბილისში კაცი და უცბად ამ დროს, დაბლა ხევში ხარ-ირმის ყრუ ბღავილიც ისმის!!! ჟრუანტელმა დამიარა. ახლა ხომ ირმების მყვირალობის დროა. განგური ეწყებათ და ერთმანეთს ეწყვილებიან. საოცარი გრძნობაა, როდესაც საუნივესიტეტო სახელმძღვანელოების  მკაცრი და აკადემიური ფურცლებიდან ამოკენკილი თეორიული ცოდნის პრაქტიკული დემონსტრირების  მონაწილე ხდები… თუმცა გასაჭირიც გვადგას. წყალი არ მოგვიმარაგებია და ყველას წყურვილი გვტანჯავს. ასე ხახამშრალი ვიძინებთ…

გათენდა.. ამ ცნებას მთაში და ისიც ეროვნულ პარკში სრულიად სხვა დატვირთვა აქვს, ვიდრე თბილისში. საუზმის კარიკატურა, კარვების აკეცვა და კვლავ მაღლა მივიწევთ და ვადგებით ტურისტთა თავშესაფარს, სადაც წესით ღამე უნდა გაგვეთია, მაგრამ დაგვაღამდა და ვეღარ მივასწარით. მთავარი კი ისაა, რომ სხვა სიკეთეებთან ერთად აქ წყალიცაა!!!  აქ შუადღის ორ საათამდე ვრჩებით და შემდეგ კვლავ ჩვენს გზას მივეშურებით. უკვე გამოჩნდა ჩვენი გზის უმაღლესი წერტილიც. მწ. ლომის მთა. ზ.დ. 2187 მ.  პანორამები არაჩვეულებრივია-ენით აღუწერელი და პატარა გავაკების შემდეგ მივადექით აღმართს…

სიტყვა აღმართი  ამ შემთხვევაში მეტად სასაცილოა, მაგრამ არ ვიცი სხვა რა შეიძლება ეწოდოს სამასი მეტრის სიმაღლის,  40 მეტრის სიგრძის და არანაკლებ 50 გრადუსის დახრილობის ქარაფს, რომლის არამცთუ გადალახვა, არამედ შეხედვაც კი მტკივნეულია. ყველაზე მეტად გასაოცარი კი ისაა, რომ ამ საშინელებას გრუნტის გზა მიუყვება და საბურავების ანაბეჭდები ჩანს. ალბათ, სამხიდიანი ურალების გარდა სხვა ვერაფერი გაივლის იქ. ძალების ტიტანური მობილიზება, ოთხი შესვენება და აღმართი დაძლეულია!!! მაგრამ რა გინდა, ახლა სერპანტინები იწყება ტყეში. სერპანტინებს წყარო ასრულებს, რომლის შემდეგ ტყე მთავრდება გავდივართ სუბალპურ ზონაში, საიდანაც უკვე რამდენიმე მეტრიღა რჩება ლომის მთამდე.

და აი ისიც, ლომის მთა. ლიხის ქედი. საზღვარი დასავლეთს და აღმოსავლეთს, თორს (ქართლს) და იმერეთს შორის. აქ დაახლოებთ ნახევარი საათი ვჩერდებით და ვიწყებთ დაშვებას, გადავდივართ რა უკვე იმერეთის ტერიტორიაზე, ბორჯომის რაიონიდან ხარაგაულის რაიონში, ლიკანიდან მარელისისკენ. თავიდან დაშვება ნორმალურად მიმდინარეობს, მაგრამ ბნელდება და იწყება მთელი ჩვენი მოგზაურობის ყველაზე საშინელი მონაკვეთი, ღამის ახდენილი კოშმარი-როდესაც გიგანტურ წიფლებს და სოჭებს ქვევით, ორმეტრიან შქერიანში ტალახიან და ნესტიან საფლობებში მიმართება ის, რასაც იდეაში ბილიკს უწოდებენ და რაც რუკაზეა აღნიშნული, მაგრამ ფაქტობრივად არ არსებობს. უკუნეთი, კუნაპეტი ღამეა, რომელსაც მარტო ჩვენი ფარნების სხივები ჰკვეთავს. ტყე გარინდულია. ახლა რომ რომელიმე გარეული მხეცი დაგვესხას თავს, სრულად დაუცველნი ვართ. ( მოგვიანებით ვიგებთ, რომ ეს ადგილები სავსეა დათვებით, მაგრამ საბედნიეროდ, ჩვენ არცერთ მათგანს არ გადავეყარეთ).  ფერდობის დახრილობა უფრო და უფრო მატულობს და სიარული კი არა, მხრებზე ზურგჩანთების შეკავება ჭირს. რამდენჯერმე წავიქეცით ტალახში. ფეხსაცმელი და შარვლები განადგურდა; დავსისხლიანდით და დავიკაწრეთ, ფეხები აღარ გვემორჩილება. გაჩერება შეუძლებელია. ვერსად ვერ დავბანაკდებით. ერთი გზაა-წინ. სადამდე, არავინ არ იცის. შორს ყრუ შხუილი ძლიერდება, შქერიანებში ხანგრძლივი სიარულის შემდეგ მდინარეს ვადგებით. არანაირი ბილიკი, არანაირი გზა. თვითონ მდინარის კალაპოტს მივუყვებით. ტალახი, ჩავვარდით მორევში. ხმას არავინ იღებს.

ბოლოს და ბოლოს, გამოჩნდა ხუთი კვადრატული მეტრის მოვაკება და ხანგრძლივი დებატის შემდეგ გადავწყვიტეთ დაბანაკება. მაგრამ მთლად მოვაკებულიც არ ეთქმის. როდესც ვწვებით, ვგრძნობთ საძილე ტომრებიანად, რომ ქვემოთ მივცურავთ. ასე გრძელდება მთელი ღამე. დილით გაღვიძებისას კი ვამჩნევთ რომ ბეწვზე გადავრჩენილვართ, ეს მოვაკება ქარაფის თავზე ყოფილა გადმოკიდებული, გზის გაგრძელებისას კი  გადავიჩეხებოდით და დავიშლებოდით მარტივ მამრავლებად.

მალევე ვაგრძლებთ გზას უჩუმრად. ყველას ფიქრი ახლა გავაკებას დასტრიალებს. მცირეოდენი აღმართები, ჩანჩქერები და მერე კვლავ დაღმართები და მდინარის პირას გავდივართ. ეს მდინარეა შავწყალა, ჩხერიმელას შენაკადი, რომელიც თავის მხრივ რიონს შეერთვის. აქედან გზა უკვე ვაკდება. ბრუნი, რამდენიმე კილომეტრი და ბოლოს და ბოლოს, ეროვნული პარკის საზღვარი გამოჩნდა…

დარვინი ამაზონის ჯუნგლებზე წერდა, რომ აქ, ამაზონის წვიმიან ჰილეებში ადამიანი ორჯერ განიცდის სიხარულს, პირველად როცა ეცნობა მწვანე სამოთხეს და მეორეჯერ, როდესაც თავს აღწევს მწვანე ჯოჯოხეთს. ზუსტად იგივეს თქმა შეიძლება ახლა ჩვენზე… ვეცნობით პარკის მცველს, ადგილობრივს, მარელისის მკვიდრს ბატონ თამაზ ცისკაძეს, რომელიც არაჩვეულებრივი მასპინძელი აღმოჩნდა… სახელგანთქმული იმერული სტუმართმოყვარეობა და ენაწყლიანობა გვავიწყებს სირთულეებს. ორი საათი პარკის გასასვლელში ვჩერდებით და შემდეგ 8 კილომეტრია დარჩენილი სადგურამდე…

ნოემბერში სამდღიანი მარშრუტი მელის ვაშლოვანის ნაკრძალში. ველოდებით თოვლს, როდესაც თოვლი მოვა მაშინ წავალთ და იმისდა მიუხედავად რომ ამ წუთას, როცა ვბეჭდავ ორივე წვივის კუნთები დაჭიმული მაქვს და ყრუ ტკივილი მაწუხებს, ვიცი რომ მაინც წავალ ვაშლოვანში. მიუხედავად იმისა, რომ არანაკლები ჯოჯოხეთი მელოდება წინ.

ესეც ფოტორეპორტაჟი ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკიდან:

უფრო მეტი იხილეთ ჩემს ფოტოალბომში ფლიქრზე:                      http://www.flickr.com/photos/32801523@N02/

ბარისახოდან ხახმატამდე

•21/09/2009 • 1 Comment

გუშინ ხევსურეთში ვიყავი, პირაქეთა ხევსურეთში…

ერთი დღე ძველი თბილისის დათვალიერებას არ ეყოფა საგულდაგულოდ, არამცთუ ხევსურეთს. ასე რომ ხევსურეთი მოვიარე-მეთქი რომ მეთქვა, მატყუარა გამოვიდოდი; მითუმეტეს, რომ პირიქითა ხევსურეთში ფეხიც არ გადამიდგამს. მაგრამ ის ხომ შემიძლია ვთქვა, რომ ხევსურეთში ვიყავი-მეთქი.

ვიყავი ბარისახოში, კორშაში, გუდანში და ხახმატში. ამ გეოგრაფიული პუნქტების ჩამოთვლა ადვილია, მაგრამ შთაბეჭდილებების ზღვას ნამდვილად ვერ  ჩამოთვლი.

საერთოდ თბილისელებისთვის მთა რომ სხვა სამყაროა, ეს აქსიომა ჩემს დაბადებამდე კარგა ხნით ადრე აღმოაჩინეს. მაგრამ შემოდგომის მთა წვიმა-ნისლნარევი ეს უკვე სხვა სამყარო კი არა, საერთოდ სხვა განზომილებაა; რომელიც სადღაც ჟინვალის წყალსაცავიდან იწყება.

ფშავის და ხევსურეთის საზღვარი ფშავის და ხევსურეთის არაგვის შესართავზე გადის. აქედან სამხრეთით და აღმოსავლეთით ფშავია, ჩრდილოეთით ხევსურეთი, დასავლეთით კი გუდამაყარი. ,,სასაზღვრო ზოლზე”  მოსხლეტილ კლდეზე არწივიც მცირე ქანდაკია გამოკვეთილი. აქედან დაკლაკნილი გზა ბარისახოსკენ მიემართება. რაც შეეხება ბარისახოს, რთულია განსაზღვრა, თუ რას წარმოადგენს იგი. დაბად კი ითვლება, მაგრამ მაინც საშუალო ზომის სოფელია. თუმცა ხევსურეთის პირობაზე ნამდვილად ქალაქია. აკი ამიტომაც ითვლება ბარისახო ხევსურეთის ცენტრად. არაგვს გაღმა, აღმოსავლეთ სანაპიროზე, საკმაოდ ციცაბო კლის თავზე  ძველი ფეოდალური ციხე-სიმაგრის, ადგილის დედის, ანუ იგივე შურის ციხის ნანგრევებია შემორჩენილი. მათ ადგილზე აღმ. ქართული მთის ტრადიციებით ქვის ზვინულებია. ერთ ერთ ზვინულზე საქართველოს დროშა ფრიალებს და გადასცქერის ასე ზემოდან ბარისახოს და ხევსურეთის არაგვის ხეობას. არაჩვეულებრივი არომატი ტრიალებს. არ ვიცი ქონდარის, არ ვიცი ომბალოსი. სასწაული არომატია. ისღა დაგრჩენია, ამოიტანო ლობიო და ხარშო და ხარშო…

ჩრდილოეთით მოჩანს სოფელი კორშა. ვეშვებით ქვემოთ და მივემართებით მისკენ. იქ გველოდებიან. გველოდება ხევსურეთის ეთნოგრაფიული მუზეუმის დირექტორი და მისი ოჯახი. ჩვენ გზა უფრო ზევით-ჩრდილოეთისკენ გვიდევს. უკან მობრუნებულებმა კი მუზეუმი უნდა დავათვალიეროთ და ხევსურული ხინკალი დავაგემოვნოთ. ცოტა წასაუბრება და ჩვენი მიკროავტობუსი კვლავ ჩრდილოეთისკენ მიიწევს. მთები უფრო და უფრო მაღლა მიიწევს. მაღლა მიიწევს ნისლიც. წითელ-ყვითელ შემოდგომის ხანძრის ჩაქრობას მთათა ფერდობებზე ბოლქვა-ბოლქვა მოდებული ნისლი ტყუილად ცდილობს, შემოდგომა თბილი ტონების მთელი გამით გიზგიზებს მთაში. ხანძარი უფრო და უფრო ძლიერდება როშკისწყლის შესართავიდან ხევსურეთის არაგვთან.

იქ სადაც როშკისწყალი არაგვს შეერთვის, გვხვდებიან პოლიციელები სამი-ოთხი ტოიოტას პიკაპით. პოლიციელები კი არიან, მაგრამ სამხედრო ფორმა აცვიათ. ჩვენსავით ისინიც სურათებს უღებენ შესართავს. მაგრამ შესართავი ნამდვილად გახუნებული სიტყვაა ამ ადგილის აღწერისათვის. უზარმაზარ ლოდებს შორის ჩაკეტილი ორი ფაფარაყრილი ჩანჩქერი ველური ხავილით ეჯახება ერთმანეთს და ღრიალით მიიკვლევს გზას სამხრეთისაკენ. ამ ლოდებზე კი ფიჭვები და წიფლები ამოზრდილან. არა, კი არ ამოზრდილან, ფაქტიურად ჰაერში გამოკიდებულან. შემოდგომის ქათიბი აქაც წითელ-ყვითლად ელვარებს. განსაკუთრებით ულამაზესია ძახველის მეწამული კუნწულები, ზემოდან რომ დაჰყურებენ ვერცხლისფრად მბზინავ მორევს.

და ამ ამაღლებული განწყობისას უცბად და ერთი პოლიციელი ჰაიდა, ფანტას ცარიელ პლასტმასის ბოთლს გადაუძახებს შესართავში. პირკატა მეცაო, ამაზეა ნათქვამი.  რას იზამ, ყველაფერს თავისი წილი სამსალა მოჰყვება. დარწმუნებული ვარ, ეს პოლიციელი დაუფიქრებლად სვამს სუფრაზე საქართველოს სადღეგრძელოს…

გზა უფრო და უფრო მაღლა იწევს, ისევე როგორც მთაზე ნისლი. ვუახლოვდებით გუდანს. აქ სივრცე იხსნება-შორს, ნისლის მიღმა არ მოჩანს, მაგრამ ვიცით რომ დათვიჯვრის უღელტეხილია, რომელიც პირაქეთა ხევსურეთს პირიქითასთან აკავშირებს. გზაზე შემხვედრი მიმართულებით განუწყვეტლივ ნაკადად გვხვდებიან ჯიპები და მიკროავტობუსები, რომლებიც შატილობიდან ბრუნდებიან თბილისში. ძირს ხევსურეთის არაგვი მიიკვლევს გზას ვერცხლისფერ ძაფად. ჩრდილოეთით მაღლა კი გუდანი მოჩანს, სოფელი სახელგანთქმული სალოცავით. ერთი სახლი ნამეტანი ზემოთ ასულა. ალბათ მისი აივნიდან ინგუშეთიც კი მოჩანს. გუდანიდან რამოდენიმე კილომეტრი, რამოდენიმე ბრუნი და  ექსპედიციის მიზანს-სოფელ ხახმატსაც ვაღწევთ. შემოდგომის წვიმა-ცვარში გადმოვდივართ მიკროავტობუსიდან. ჰაერს არაჩვეულებრივი არომატი აქვს. ამ სოფელში ძალიან საინტერესო ეთნოგრაფიულ-არქიტექტურული ელემენტებია შემორჩენილი-უძველესი ხევსურული ბანიანი სახლები. მართალია, ახლა იმ სახლებში თითქმის არავინ ცხოვრობს და ბევრს ბანიც აქვს ჩამონგრეული და ჟამთა სიავისგან შიგნიდანაც გაპარტახებულია, მაგრამ მაინც ულამაზესი სანახაობაა. აღმოსავლეთით რაღაც წამებში აიწევა ნისლი და მთებს კალთებს შორის ჩაკეტილი დათვიჯვრის უღელტეხილი იხსნება, რომლის გადაღმაც არღუნის ხეობა და არღუნის ხეობის ბოლოს შატილია. მიღმა კი ჩეჩნეთია უკვე. აუჰ, ნეტავ შატილისკენაც გვედოს გზა, მაგრამ რიგ და რიგ გარემოებათა გამო უნდა მოვბრუნდეთ უკან-თბილისკენ.

ამჯერად უკვე გაუჩერებლივ ვეშვებით კორშასკენ. აქ ხევსურეთის ეთნოგრაფიული მუზეუმი გველოდება. ამ მუზეუმში დირექტორიც, ექსკურსიამძღოლის, ბუღალტერიც, დამლაგებელი და მცველიც ერთი კაცია, ბატონი შოთა არაბული. კულტურის სამინისტრო ყოველთვიურად 200 ლარის ხელფას უხდის-ზის ვაჟა ფშაველას სახლ-მუზეუმის ბალანსზე და მის ფილიალად ითვლება. ექსპონატები შთამბეჭდავია. ძველი ხევსურული კოსტუმები, ტალავერები და ქუდები, ხელთათმანები და წინდები, სასოფლო-სამეურნეო და საოჯახო ნივთები-ურმის კავები, მარხილები, თუნგები, აზარფეშები და დოქები. ნაირ-ნაირი კავები, თხილამურები, წრიაპები , ქალამნები. აგრეთვე სამხედრო აღჭურვილობა-ჯაჭვის პერანგი, ხევურული ფრანგული, ჩაჩქანები, მუზარადები, ფარები.  ბევრია ნაირ-ნაირი ოსტატურად მოკაზმული და მორთული საოჯახო ხელსაქმის ყუთები, აკვნები და სხვაც ბევრია ჩამოსათვლელი-საშიშროება დიდია, რომ რომელიმე არ გამოგრჩეს. საკმაოდ უცნაური ექსპონატებიც გვხვდება-მეფის რუსეთის და საბჭოთა კავშირის კუპიურები, რომლებთაც გვერდს დამოუკიდებლობის პირველი წლებისდროინდელი კუპონები და მასთან ერთად ერთდოლარიანი უმშვენებენ. ამათ რა ესაქმებათ ხევსურულ მუზეუმში ვერ ვხვდები, მაგრამ რა გაეწყობა-დაე იყვნენ.

მუზეუმის თვალიერებას ვრჩებით და იწყება ხევრული ლხინი. ვაჟა ამას ხევსურულ ღრეობას უწოდებდა, მაგრამ  ეტიკეტებით ეგზომ დახუნძლულ გარემოში ასერიგად უტიფარ კადნიერებას ვერ გამოვიჩენდით-ჩვენ უბრალოდ ვილხენთ:-ხევსურული ხინკალი, კახური არაყი, ხევსურული ქადები და ხევსურული კუსერბო. გაუთვითცნობიერებლებმა  ეს უკანასკნელი რატომღაც გარკვეულ რეპტილიასთან გააიგივეს-თუმცა შეცდნენ. ეს ხევსურული კერძია-ხაჭო, ყველი და ერბო ერთად შემთბარ-შეზავებულ-მოდუღებული. ჰაერიც ხევსურულია.

და დაღამდა. გადის დრო. ვემშვიდობებით მასპინძლებს და პირს სამხრეთისკენ, ბარისკენ ვიბრუნებთ. შემოდგომის ხანძარს კი მთის წყვდიადი ფარავს. თუმცა დროებით. ხვალ ხანძარი კიდევ და უფრო მეტი ძალით აგიზგიზდება-თუმცა ჩვენ იქ აღარ ვიქნებით.

დანარჩენს სურათებს კი ოქტომბერში ავტვირთავ ფლიქრზე. ოქტომბერში იმიტომ, რომ სექტემბრის ლიმიტი უკვე შევსებული მაქვს. ფლიქრის ლინკი იხილეთ მთავარ გვერდზე….

საქართველო

•18/09/2009 • Leave a Comment

ისევ და ისევ პოეზია… ამონარიდი კვლავ შალვა საბაშვილის შემოქმედებიდან:

ლურჯი მწკრივი მთებისა
სუნთქავს წალკოტების ქარს,
იწყებიან სიზმრები
ელვათა ტოტებიდან;

ფერწარმტაცი ქარები
მზე–სხივშეუდარები,
კვლავაც ჰკრთის ისტორიის
ჯერაც ღრმა იარები;

ცა–ლაჟვარდში მხმობელი
ყვავილი–უჭკნობელი
ხალხი, სივრცე, მუსიკა–
ჰარმონიის მშობელი;

ისმის: ხმალ–შუბთ ჟღერანი
ჩანს: სიბრძნეთა კერანი,
აღმართულა მახვილი
შორეთს მიჰქრის მერანი;

საუკუნემ არწია
რაც მარადი განძია:
ჯვარი, გრემი, იყალთო,
უფლისციხე, ვარძია;

შორს მრეკავი ზარებით
მთით მომსკდარი ღვარები,
გრძნეულება სიღრმეთა
უთქმელ–მიუკარები;

ხოლო სივრცე–მზიური
სხივები–მშობლიური
აღმაფრენა–უსაზღვრო
შთაგონება ციური;

ხსოვნის შორი ფესვები
სახელნი უტკბესები,
ყალყზე შემდგარ ფლოქვთა ხმა
ირგვლივ ცეცხლ–დამკვესები;

ეშხი ავთანდილისა
ჯადო სულსშეზრდილისა,
ძველი მცხეთის სიზმრების
და თბილისის დილისა;

მეგობრობის განდობა
დაცემულის დანდობა,
აზრის ღმერთთან კამათი
გრძნობის დარდიმანდობა;

ქროლვა დროთა ქარისა
რუსთაველის პწკარისგან,
სიბრძნე პეტრე იბერის
ფუნჯი ოპიზარისა;

ზეცა რომ გაახილა
ვარსკვლავთ თეთრი ზოლივით,
სამშობლოა–ძახილად
დროში გადმოსროლილი.

შალვა საბაშვილი-წყალვარდნილი

•17/09/2009 • Leave a Comment

ამონარიდი ერთი არცთუ ისე ცნობილი პოეტის და უფრო ცნობილი ასტრონომის შემოქმედებიდან:

თვალშეუწვდენელ, უზარმაზარ სალი კლდის პირად,
სად მზეზე მიწა ქცეულიყო ქვიშად და კირად,
უდაბურება მეუფებდა სად ზღაპრად თქმული
და ველ-მინდვრები იყო ნისლით გარშემორტყმული;
კლდიდან, რომელსაც მოსდებოდა უხვად ხავსები,
აღქაფებული, მძლავრ ზვავების ხმით ანავსები,
შორ სიმაღლიდან, რომ პირისპირ სივრცეს სცემოდა,
უხსოვარ დროდან წყალვარდნილი ძირს ეცემოდა.

ეხეთქებოდა გადაუთვლელ ზვირთებად წყალი
ვეება ლოდებს, მილიარდი წლებისგან მოღლილთ
და ყურთასმენის წამლეკავი აყალ-მაყალი
იყო შექმნილი მძლავრი შხეფების შეხლა-შემოხლით.
უზარმაზარი სვეტი წყლისა ნელა წვებოდა,
უმძლავრეს წნევით მკერდს უტეხდა ვეება ქვაბურს
და ახალ-ახალ ძალმოკრებით ძირს ეშვებოდა
და ახალ ჟინით კვლავ ხატავდა მხარეს უდაბურს
და მქუხარება შეფარულად რაღაცას სწუხდა
წყალვარდნილი კი გამუდმებით ჰქუხდა და ჰქუხდა…

ეს მძვინვარება ქარიშხლური და ეს გნიასი
მხოლოდ ხანდახან უთითებდა აგონიაზე.
ისე კი ზათქი, მოდებული ირგვლივ რკალებად
ხატავდა სურათს გამუდმებულს, არაცვალებადს:
როს ერთი ზვირთი იმსხვრეოდა საშინელ ძალით
მეორე მაღლა, დასაწყისში კამარას ჰკრავდა
და ივსებოდა სივრცე უწყვეტ ქარით, გრიგალით
და ამ გრიგალებს არემარე გულში იკრავდა.

ის გადმოჰქუხდა თვალშეუდგამ ვეება კლდეზე,
გადევლებოდა, მოფრინავდა მრისხანე ზარით,
აშკარა იყო მაშინ მისი მიზანი, გეზი
მოწოდებული უდიადეს გრძნობათა ქარით.
აღწევდა მწვერვალს მაშინ მისი აზრი და სიძლიერე,
შემდეგ დამსხვრევა! და არც სურდა მოლი ჰგებოდა,
და მორევებში დაქანცვამდე ტრიალის შემდეგ
მინდვრების იქით, ჰორიზონტზე იკარგებოდა.

და იქ კი, სადაც მიყოლებით ცვიოდნენ ზვირთნი
ოდნავ წინ…. უკან… კვლავ წინ, შხეფების ფრქვევით
სადაც ჟინით და მძიმე მასით უხვად ნატვირთი
მრისხანე ძალა გამუდმებით მოჰქროდა ქვევით;
ქაფი, მუდმივი უხვი ქაფი, კლდესავით თეთრი
იტალღებოდა, როგორც ზღვათა ღელვების სევდა
და ვით ატეხილ ქარიშხალთა უაზრო ხვედრი-
სტიქიონს წყლისას თავის რკალში სწრაფად აქცევდა.

საუკუნეთა უთვალავთა ვიდოდა რიგი
წყალვარდნილი კი მარად ჰქუხდა და მარად იგი
აჯადოებდა ირგვლივ ყველა სულდგმულის მზერას
და მას უსმენდნენ, როგორც სივრცის ლამაზ სიმღერას.
იყო ქარები, იყო ღელვა, იყო სიო და
ყველა ხედავდა წყლის თამაშში უცნობ ზმანებას
და მოგზაური ჩერდებოდა და მიდიოდა,
დავიწყება კი სცვლიდა პირველ აღფრთოვანებას.

და არასოდეს, არსად, არვინ არ გაიფიქრა:
,,სად იბადება წყალვარდნილი, ან ხდება იქ რა?
რა ჰქმნის ამ თქეშებს და კანონად რა ძალა ადგენს?
ან ჩავლილ ჩანჩქერთ რა აღავსებს და რა აღადგენს?
ნიშნავს თუ არა რამეს წყალთა კორიანტელი,
ეს აღქაფება, ეს ჟინი და ჟრუანტელი?
ესწრაფვის რამეს ეს განგაში და ხმოვანება?
ან ტალღათ ჯარი შემდეგ საით მიექანება?”

ცხოვრობდა ხალხი და ჩანჩქერი მოჰქუხდა მთიდან
საუკუნეთა უთვალავთა რიგს რიგი სცვლიდა.
და იცვლებოდნენ თაობებიც, მაგრამ არავის
არ აწუხებდა ფიქრი ღელვის, დაუფარავის;
ყველასთვის ჩანდა ყოველივე თავისთავადი,
თუმც გარეშემო საოცრება გადაშლილიყო:
რომ წყალვარდნილი არსებობდა-ეს იყო ცხადი,
ხოლო რის გამო-ეს შეკითხვა უაზრო იყო!

ახლა როდესაც მე სამყარო-ვარსკვალვთა ბინა,
თვალწინ მილაგებს ცხადად წუთებს-ალესილ ცელებს,
როდესაც ირგვლივ არემარეს შუაღამის ბინდი გადაეფინა
და წარმოსახვის სივრცეებში რიჟრაჟს ავრცელებს;
როცა შეგრძნება მკვეთრი არის, ყველაზე მკვეთრი,
როცა ახლოა თვით შორეთი-მკრთალი და თეთრი,
როცა კიაფობს სივრცე-სხივით ბარდნილი,
მე მახსენდება შორეული ის წყალვარდნილი.

მე მახსენდება, რადგან მთელი ცხოვრება ჩვენი
წამით ყოფნა დროის დიდი მდინარის პირად
და უმცირესი წვრილმანები, ჩვენი გარემოს ასე რომ მშვენი
ჩვენ გვაღელვებს და გვაღფრთოვანებს ხშირად და ხშირად.
ჩვენ გვიყვარს ველი, ყვავილები, დუმილი ლოდის
და მდინარენი, ჩვენ თვალწინ რომ ატარებს ტივებს
მაგრამ არასდროს არ ვკითხულობთ საიდან მოდის,
ანდა მოდის კი საიდანმე ეს ყოველივე?

დრო, ვით ჩანჩქერი, არსებობის ასკდება ქვაბურს,
ჩვენ ვგრძნობთ მას, მაგრამ სიღრმე არ გვეკარება
და როცა იგი ბურუსებით მოცულ, უდაბურს
ჩვენი შეგრძნების ჰორიზონტებს მოეფარება
ის იკარგება! და არ ვიცით რა ხდება ამდენ
განუზღვრელობით, ან გონება სად განგვიძარცეს
და ჩვენ არ გვახსოვს, თუ რა იყო ამ საზღვრებამდე
ამ საზღვრებს იქით რა იქნება-არ ვიცით არც ეს.

და მე ვიხსენებ-თვალშეუდგომელ სალი კლდის პირად
სად მზეზე მიწა გადიქცევა ქვიშად და კირად,
სადაც ბურუსის შეუვლობით ცა იბურება
და მეუფეა მარტოოდენ უდაბურება.
ველურ ჰანგების იბადება სადაც ღივები
და მთათა ირგვლივ ტრიალებენ სად არწივები,
შორ სიმაღლიდან, რომ პირისპირ სივრცეს სცემოდა,
უხსოვარ დროდან წყალვარდნილი ძირს ეცემოდა.

ყვარლის მთებიდან

•17/09/2009 • 5 Comments

ადამიანი, რომელმაც შექმნა ახალი საქართველოს საძირკვლები.

სხვა საკითხია, რამდენად გაიზიარეს ბალავრის სიმწყობრე კედლებმა და მოდი ვაღიაროთ, ხშირ შემთხვევაში საერთოდ არ გაუზიარიათ…

ხოლო სახურავი დღემდე არ შეგვიქმნია…

მას მოკლავენ ისინი, რომელთა შთამომავლობაც მის შემოქმედებაზე გაიზრდება საბჭოურ თუ თავისუფალი საქართველოს სკოლებში.

ისტორია მოწყალე ქალბატონია. მას ხშირად უყვარს გესლიანი სარკაზმით იმის შეხსენება თუ რა ადგილი გვიკავია ჩვენ მის სამფლობელოში და მოწყალეა იმიტომ რომ ამას აკეთებს საოცარი ხელოვნებით-ჩვენ საერთოდ არ გამოვთქვამთ პროტესტს…

ვიქნები ბანალური- დავესესხები აკაკის:

სანამ საქართველოში გვახსოვს ილია, იქამდე სიკვდილი არ გვიწერია…

ჩვენ, საქართველოს დამისა

•17/09/2009 • 3 Comments

ქართულად ყველამ ვიცით. იგივეა სვანურადაც, მეგრულად-საქორთუო, ლაზურად-ოქორთუე, აფხაზურად-Қыртҭәыла.

და მაინც რა არის საქართველო?

საქართველო იქნებ სასკოლო სახელმძძღვანელოების გახუნებული ფურცლებია? გაცრეცილი და დაჩხაპნილი ქართულის, ისტორიის და გეოგრაფიის წიგნები? ან ღამ-ღამობით საბანში ფანრის შუქზე თავწარგული ,,უქარქაშო ხმლები”-ს კითხვა?

შეიძლება საქართველო მესხური მრავალჟამიერია, ვარძიის კლდეებს რომ შეჰზარავს ნაწვიმარზე განთიადისას და მეფეთა ფრესკები შეტორტმანდებიან ცრემლმორეულნი?

იქნებ საქართველო მზის სხივებია ტყეში? სავალ გზას რომ გაგინათებს შიშისმომგვრელი უღრანიდან? თუ საქართველო ალპური ქარია, სტვნით რომ წამოაგდებს შურთს შენ ფეხებთან და შიშით გული გაგისკდება და მერე იდიოტურად გაბრაზდები და გაგეცინება საკუთარ თავზე?

იქნებ საქართველო ალაზნის პირას, თეთრ კელაპტრად აფეთქებული ალავერდიდან ამოხეთქებული ,,გაფრინდი შავო მერცხალო”-ა, ნეკრესის შემოდგომანრევი ტყეებისკენ რომ გაგიძღვება ნაწვიმარს? ან იქნებ ჭოროხიდან ხელვაჩაურისკენ ფთილა-ფთილა აკინძული ღრუბლებია?

იქნებ საქართველო არყის ზროა, დამჭკნარი ზრო, სოკოების ჯარშეფენილი ხარაგაულის ტყეებში? ან იქნებ ცალგმილი და ლაჰილია. სპეტაკი გიგანტები, ოქროს საწმის რომ იცავენ უშგულთან?

იქნებ საქართველო ფსოუა, დღენიადაგ ტკივილს და ვაებას რომ დაჰქვითინებს დანისლული კავკასიონიდან? იქნებ საქართველო ნიშაა თუ წაქარა, ვაჟაის ხარი, მიწას რომ ჩაჰბუბუნებს 9 აპრილს წაშლილი სახით?

იქნებ საქართველო რუსთავის მიწაა? ბოსტან-ქალაქის. სადაც ცურტაველი დააბიჯებდა?

იქნებ საქართველო სნოდან დანახული მყინვარწვერია? ჯუთადან ატყორცნილი და გამოქანდაკებული სივრცე? დარიალისკენ გადასროლილი მრუდე რკალებად?

იქნებ საქართველო გამხმარი, ყავისფერი ფოთოლია, მხიარულად რომ ღაღანებს ჰერეთში, კახის ეკლესიის ეზოში?

იქნებ საქართველო ქვაა, ტრაპიზონთან ტალღები რომ ეხეთქება და ჯიუტად გასტორცნის ნაპირისაკენ?

იქნებ საქართველო…

მაგრამ საქართველო ნამდვილად არაა ის, რაც მოჩანს დღეს ჩვენი ფანჯრებიდან დღეს და ახლა…

შევცვალოთ საქართველო…

თუთარჩელა და მეგრული ვიკიპედია

•16/09/2009 • 2 Comments

რედაქტორი ვარ ქართულენოვან ვიკიპედიაში. მოხალისეობრივ, საზოგადოებრივ საწყისებზე-როგორც ყველა რედაქტორი ვიკიპედიაში და მე მგონი როგორც ყველა რედაქტორი ვიკიპედიის გარეთაც. ჰოდა, ვიკიში უნიკალური მასალების აღმოჩენა შეიძლება. ჯერ მარტო რუკების უნიკალური ფონდი რად ღირს. მე გეოგრაფი ვარ და ჩემთვისაა უძვირფასესი ეს ფონდები, ისევე როგორც ყველა გეოგრაფისთვის. სხვაც ალბათ მისთვის უნიკალურ მასალებს პოულობს ვიკიში.

მაგრამ ხელოვნება მგონი სულისმიერია ყველასთვის. ხელოვნების გარეშე აქრომატულ სამყაროში ვიცხოვრებდით…

ინკუბატორში ზის მეგრული ვიკიპედია და როგორც ყველგან სხვაგან, აქაც საოცარი მასალების პოვნა შეიძლება.

აი მაგალითად:

მთაწმინდაშ თუთა

ვაყაფე დიო თენერ თუთა ჩელაია,
თუთა ოქროპუტალერჲ, ოჟერჟელაია.
ქანა ცაშფერ ლანდეფით დო სისმარეფით გაფშუ…
თენერ ლ/ლ/ დო შურქალირჲ ცა დიო ვაფშუ.
თუთა ითამ ზამბახიე, ჩქ/ჩქ/შ სისმარცალო
თიშ ორო დო ოქრუონს მტკვარჲ მისარსალუ;
მტკვარს მეტეხჲ გინაჯინე, ჭიფე წელაია…
დღას ვაყაფე დიო თენერ თუთა ჩელაია.
თაქ აკაკიშ აგაგას ხენცფეშ ლურით ლურსუ,
თაქ ნახუტურ გვირალ ვარდეფს გინართუანს შურსუ.
გვალა რე თუ მურიცხეფიშ გოთანთალერ ბინა.
ბარათაშვილს ათაქ უყორდ ომბოლურო რინა.
ნოტე, ბირას ქოპუნაფდა, გედიშ ბედიქ მერგ/,
ოღონც გეშმარაგადუას, მუჭო დობჟამ სერქ/,
მუჭო სისმარს ეკი–დიკი ვაყუნს მოვარიე,
ფსუაშ შქიორ–შქიორით მიდეღ ოარიე.
მუჭო ხონარ თიშენ მიღუ ოჟერჟელაია,
ვორექ ღურამონჭაფილჲ გედი ჩელაია.
ათე ცა დო თუთაშ ნარდიქ მუჭო ფთქუა, ვარა
ღურუშ შარა ხვალე ართ რე–იავარდიშ შარა.
მუჭო ქარგ/ნს თე შარას მოლერსეშჲ ჭკუა,
მუჭო დიო კოც ვოუძირ სერჲ ათეჯგუა;
დიდ აგაგეფ! თქვან თოლოწო მუჭო მიდაფრთია,
მუჭო ლერსიშ ხენცფე ვორექ, ხანგურ ლერსიშ თია.
მუჭო ქანას ქავოსქიდუქ მათჲ თქვანიწკელა…
დღას ვოუძირ დიო კოც თენერ თუთარჩელა.

მიუხედავად იმისა რომ მეგრელი არ ვარ და ჩემი მეგრული ოდენ სკანი ჭირიმა, მა სი მიორქ, სქანი გოლუაფირო და ზოგიერთი უცენზურო სიტყვით (როგორც ყველა ქართველი მამაკაცისათვის) შემოიფარგლება, იმ წუთში მიხვდი, რაზეა ლექსი…

და გავგიჟდი-მონუსხულივით შემიყვარდა ეს ლექსი ამ ფორმით. კლასიკური ორიგინალიც ჰო ძალიან მაგარია, მაგრამ არც ეს ჩამოუვარდება არაფრით.

თენერ თუთარჩელა…

კვირას ხევსურეთში მივდივარ

•16/09/2009 • Leave a Comment

პირაქეთაში-ბარისახო და ხახმატი. და არამხოლოდ. გველის ხევსურული სუფრაც. ერთი სული მაქვს, როდის მოვა კვირა. ორ წელიწადზე მეტია არ ვყოფილვარ ხევსურეთში. ორი წელიწადი!!!

მომწონს, რომ საქართველოს მაღალმთიანეთის პოპულარობა დღითიდღე მატულობს. ეს უნიკალური კუთხეები არ უნდა დაცარიელდეს ხალხისგან. არავითარ შემთხვევაში. ხევსურეთს, ფშავს, ხევს, თუშეთს, მთიულეთ-გუდამაყარს, თიანეთს აღმოსავლეთში; რაჭას, სვანეთს, აფხაზეთს დასავლეთში უნიკალური ტურისტულ-კულტურული პოტენციალი გააჩნიათ. უნიკალური ბუნება, უნიკალური ტრადიციები…

მაგრამ მარტო ბუნებით და ტრადიციებით მთაში თავს ვერ შეინახავ. მითუმეტეს მთაში, რომელსაც ჩვენი სახელმწიფოებრიობის წინააღმდეგ ეგზისტენციალურად მომართული ურჩხული ესაზღვრება. სამრეწველო ობიექტების აგება მთაში ნაკლებად. მაგრამ ჰო შეიძლება გაიხსნას სამხედრო-სასაზღვრო ბაზები, სადაც პირველ რიგში ადგილობრივები დასაქმდებიან. ჩვენს მთიელებს ოდითგანვე ეპყრათ ჩრდილოეთის კარიბჭის გასაღები ხელთ… ეს გასაღები კვლავ მათ უნდა ჩაბარდეთ…

ხევსურეთზე ბევრი რამის დაწერა შეიძლება. ნუ ყველაზე საუკეთესო გამოსავალი საჯაროს ფონდებია, ან დაგუგვლა-მაგრამ ეს უკანასკნელი სათანადო ინტელექტუალურ კმაყოფილებას ვერ იძლევა…

ესეც ფოტოები განწყობისათვის. რომ ჩამოვალ, კიდევ დავამატებ:

 
Follow

Get every new post delivered to your Inbox.